ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი

საქართველოში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი აქტიურ ფაზაში შედის. 2015 წლის პირველ ივლისს დაწყებული, ქვეყნის მასშტაბით ანალოგური მიწისზედა საეთერო სიგნალის ეტაპობრივი გათიშვის პროცესი, 25 აგვისტოს დასრულდება.

ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით რეგიონებში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები დაიგეგმა. მასში მონაწილეობენ , საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საქართველოს ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს“, შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის,“ ასევე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლები.
27-28 ივლისს მორიგი საინფორმაციო შეხვედრები ქ. ბათუმში და ქობულეთში გაიმართა. კოლხეთის დაბლობის შემდეგ, გრაფიკის მიხედვით, 30 ივლისს, დილის 10.00 საათიდან ანალოგური მიწისზედა საეთერო სიგნალი გაითიშა ბათუმში, ხულოში, ქედასა და შუახევში. აგრეთვე გაითიშა ლანჩხუთის, ოზურგეთის, ქედის, ქობულეთის, შუახევის, ხელვაჩაურის, ხობისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული ხელშემშლელი ანალოგური სატელევიზიო გადამცემები.
ღონისძიების ორგანიზატორებმა მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ციფრული მაუწყებლობის რეფორმის მნიშვნელობისა და უპირატესობის შესახებ. ასევე ისაუბრეს თუ როგორ უნდა მოემზადოს მოსახლეობა ამ მნიშვნელოვანი ტექნიკური სიახლისათვის. შეხვედრებზე მოხდა ტექნიკური საკითხების ვიზუალური დემონსტრირება.
რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრების პარალელურად მიმდინარეობს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებული სპეციალური საინფორმაციო გაზეთების დარიგებაც.
ანალოგური სიგნალის გათიშვის შემდეგი ეტაპი 2015 წლის 6 აგვისტოს განხორციელდა. 2015 წლის 6 აგვისტოს, 10:00 საათზე, ანალოგური მიწისზედა საეთერო სიგნალი გაითიშა ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუსა და ჯვარში. აგრეთვე გაითიშა ზუგდიდის, მარტვილის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის და ხობის მუნიცილიტეტების ტერიტორიებზე განთავსებული ხელშემშლელი ანალოგური სატელევიზიო გადამცემები.