ტექნოლოგიური ფორუმი

 

სსიპ "ტექნოლოგიური განვითარების ფონდის" ორგანიზებით პროექტ „პროფესიული სამყაროს“ ფარგლებში სტაჟირებისა და დასაქმების ფორუმი გაიმართა. ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია "ტექნოლოგიური განვითარების ფონდის" ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძესთან ერთად დაესწრო.
ფორუმის მიზანია ახალგაზრდების დასაქმებისა და სტაჟირების ხელშეწყობა-პოპულარიზაცია.


ღონისძიებაში კერძო და საჯარო სექტორიდან 40-ზე მეტი ორგანიზაცია მონაწილეობდა. მათ შორის იყო შპს. „ საქართველოს ტელერადიოცენტრი“. თითოეულმა ორგანიზაციამ წარმოადგინა ვაკანსიები სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებით. მაგალითად, IT ინჟინერია, ბიზნეს ადმინისტრირება, გაყიდვების მენეჯერი, მარკეტინგის მენეჯერი და ა.შ.
დასაქმების ფორუმში სხვადასხვა უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის (3-4 კურსი) სტუდენტები, მაგისტრანტები და კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ.
„ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა და დედაქალაქში კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნა თბილისის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ახალი სამუშაო ადგილები და კიდევ უფრო მეტი დასაქმებული ადამიანი ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის გარანტია. თბილისის მერია ზრუნავს ახალგაზრდების პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ჩვენ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს სტაჟირების პროგრამა - „დაიწყე კარიერა“ შევთავაზეთ, რომლის ფარგლებშიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების ბაკალავრიატის მეოთხე კურსის სტუდენტებს საშუალება აქვთ გაიარონ 3 თვიანი, არა ანაზღაურებადი პროფესიული პრაქტიკა თბილისის მერიის შპს-ებსა და ააიპ-ებში. სტუდენტები განათლების პროფილისა და ორგანიზაციის პროფესიული მიმართულებების მიხედვით განაწილდებიან. ამასთან, ახალგაზრდების ხელშეწყობის მიზნით, სტუდენტების წახალისების თვალსაზრისით, თბილისის მერიამ სახელმწიფო უნივერსიტეტების მაგისტრატურის სტუდენტებისთვის სტიპენდიები დააწესა. სწორედ ამიტომ, დღევანდელი ფორუმი, რომელიც „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“ ორგანიზებით ტარდება, მნიშვნელოვანია, როგორც სამსახურის მაძიებლებისთვის, ასევე დამსაქმებელი ორგანიზაციებისთვის ვაკანტურ ადგილებზე კვალიფიციური კადრების შესარჩევად“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

 {gallery}/stories/technoforum{/gallery}.