(322)2 506 333

ისტორია

შპს “საქართველოს ტელერადიოცენტრი”  დაარსდა  2000 წელს  საქართველოს  ტელეცენტრის  და  რადიოცენტრის  გაერთიანების  შემდეგ.

კომპანიის  დამფუძნებელი  და  100%-იანი  წილის  მფლობელია  სახელმწიფო.

დღეისათვის  კომპანია  ფლობს  150-ზე  მეტ  ანძას, შენობა-ნაგებობებს და შესაბამისი პროფილის სხვა  ინფრასტრუქტურულ კომპონენტებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.  მათგან   რამდენიმე  ანძის  სიმაღლე  აღემატება   100 მეტრს.

კომპანიის მფლობელობაში  და  მართვაშია DVB-T2  სტანდარტის მულტიპლექს პლატფორმა  ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის  დაახლოებით  99%-იანი  დაფარვით,  რომელიც  მოიცავს  დისტრიბუციის  და  გადაცემის ქსელს.

დისტრიბუციის  ქსელი  რეალიზებულია Alcatel Lucent-ის  მიკროტალღური  კავშირის  სისტემის ბაზაზე. კავშირი ხორციელდება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მონიჭებულ სიხშირეებზე.

მიკროტალღური კავშირის ხაზების  ჯამური  სიგრძე   აღემატება  2000-კილომეტრს. დისტრიბუციის ქსელი აგებულია  წრიულ/ვარსკვლავური ტოპოლოგიით,  რაც  მინიმუმამდე  ამცირებს სიგნალის მიწოდებაში  შეფერხების  ალბათობას.

საბაზისო გადამცემი  ქსელი რეალიზებულია  Rohde & Schwarz -ის სატელევიზიო  გადამცემების ბაზაზე. ხოლო  სათერო სარეტრანსლაციო  ქსელი ELTI-ის  და  Vigintos Elektronika-ს  სატელევიზიო  გადამცემების ბაზაზე.

საბაზისო  ქსელის  შემადგენელი  გადამცემი  სადგურების მნიშვნელოვანი ნაწილი  აღჭურვილია  დიზელ-გენერატორებით,   რაც უზრუნველყოფს  ქსელის  ენერგომომარაგების ავტონომიურობას  და  მაღალ  მდგრადობას.

ამჟამად აღნიშნული  მულტიპლექს პლატფორმით  წარმოებს  საზოგადოებრივი მაუწყებლის და  აჭარის  ტელევიზიის   კონტენტის გავრცელება.

კომპანიის მფლობელობაში  და  მართვაშია  აგრეთვე  FM  რადიოსამაუწყებლო  ქსელი ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის თითქმის 99%-იანი  დაფარვით საზოგადოებრივი  რადიოს  კონტენტის გასავრცელებლად.

ქსელს  ტექნიკურ მომსახურებას და ოპერირებას  უწევს  ტელერადიოცენტრის შესაბამისი  სამსახურების საინჟინრო-ტექნიკური  პერსონალი.  ანძებზე  მომუშავე  პერსონალს  აქვს სიმაღლეზე  მუშაობის სერთიფიკატი.

საბაზისო  გადამცემი სადგურების  მნიშვნელოვანი  ნაწილი  დაკომპლექტებულია  ცვლების  მორიგე  პერსონალით,  რომლებიც  24/7-ზე  გრაფიკიკით  ახორციელებენ  სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას.

თბილისის სატელევიზიო  კოშკი

თბილისის სატელევიზიო  კოშკი,  რომელსაც   არასწორად  უწოდებენ ტელეანძას, საკომუნიკაციო მიზნებისთვის აგებული დამოუკიდებლად მდგომი სტრუქტურაა.  იგი მდებარეობს მთაწმინდის  ფუნუკულიორის  ზედა  პლატოზე.

მისი მშენებლობა 1952 წელს დაიწყო და 1956 წელს დასრულდა. სიმაღლე 186 მეტრი იყო და ახლანდელი კოშკის მიმდებარედ იდგა. შედარებით მარტივი კონსტრუქციისგან შედგებოდა და ფერმული სტილის იყო. პირველი სატელევიზიო გადაცემა 1956 წლის 30 დეკემბერს გავიდა ეთერში. პირველი ფერადი მაუწყებლობა კი – მოგვიანებით, 1966 წელს. სტუდია, საიდანაც მაშინდელი დიქტორები ქვეყანას ახალ ამბებს ამცნობდნენ, ძველი კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო განლაგებული.

ვინაიდან ძველ კოშკს სატელევიზიო არხების რაოდენობის გაზრდის საშუალება არ ჰქონდა, საჭირო გახდა ახალი კოშკის მშენებლობა. მისი მშენებლობა 1972 წელს დაიწყო და ორი წლის განმავლობაში მცოცავი ამწით მიმდინარეობდა.

ახალი  თანამედროვე  კოშკი  ექსპლოატაციაში  შევიდა  1974  წლის 30  ნოემბერს,   რის  შემდეგაც   მოხდა  ძველი  კოშკის  დემონტაჟი  და  გადატანა  ქალაქ  გორში.

დღეისათვის  თბილისის  სატელევიზიო  კოშკი   საქართველოში  ყველაზე  მაღალი ნაგებობაა, რომელიც მსოფლიოს  ყველაზე მაღალი კოშკების სიაშია შეტანილი.

მისი    სიმაღლე   274,5 მეტრი  იყო,  თუმცა    2017 წლის  3 ივნისს   ნაგებობას   დაემატა   კოშკის   შემადგენელი  კონსტრუქციული  ელემენტი – სუპერტურნიკეტული   ანტენა,  რის  შემდეგაც მისი  სიმაღლე  3,5  მეტრით  გაიზარდა.

თავად  კოშკი   განთავსებულია   719,2 მ.  სიმაღლის მთაზე.

თბილისის  სატელევიზიო კოშკი “საქართველოს ტელერადიოცენტრი”-ს  მართვაშია. კოშკზე  განთავსებულია მაღალი   და  ზემაღალი  სიხშირის   სხვადასხვა  დანიშნულების სატელეკომუნიკაციო სისტემები.

Scroll to Top