ხშირად დასმული კითხვები
შპს “საქართველოს ტელერადიოცენტრი”-ს მულტიპლექს პლატფორმაში არსებული კონტენტის საქართველოს ტერიტორიაზე DVB-T2 სამაუწყებლო ქსელით სიგნალის გავრცელებასთან დაკავშირებულ კითხვებზე შეგიძლიათ დარეკოთ ჩვენს ცხელ ხაზზე: (322)2 506 333
ყურადღება! ტელერადიოცენტრის ცხელი ხაზი არ ფლობს და ვერ მოგაწვდით ინფორმაციას კომერციულ მულტიპლექს ოპერატორთან დაკავშირებულ კითხვებზე!
შეგახსენებთ, რომ ამჟამად შპს “საქართველოს ტელერადიოცენტრი” თავისი მულტიპლექს პლატფორმით უზრუნველყოფს შემდეგი კონტენტის გავრცელებას:
1 არხი (საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხი)
2 არხი (საზოგადოებრივი მაუწყებლის 2-ე არხი)
აჭარა ტვ (ტელეკომპანია აჭარა ტვ)
სიგნალის მისაღებად დაგჭირდებათ: სტანდარტული 75 ომი ტალღური წინაღობის მქონე კოაქსიალური ( ე.წ. ,,სატელევიზიო კაბელი”) და RCA შემაერთებელი კაბელები. ანტენიდან შემომავალი კოაქსიალური ანუ სპილენძის კაბელი უერთდება სეთ-თოფ ბოქსს, თავად სეთ თოფ ბოქსი კი ტელევიზორს უკავშირდება RCA ან SCART შემაერთებელი კაბელით. თუკი თქვენ გაქვთ თანამედროვე ტელევიზორი, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც RCA ან SCART ასევე HDMI შემაერთებელი კაბელიც.
ციფრული მიწისზედა სატელევიზო სიგნალის მისაღებად საჭიროა DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერის მქონე ტელევიზორი ან ანალოგურ ტელევიზორთან მისაერთებელი მოწყობილობა – ე.წ. „სეთ – თოფ ბოქსი“, რომელიც უზრუნველყოფს როგორც სტანდარტული, ასევე მაღალი გარჩევადობის სიგნალების ანალოგურ ფორმატში გარდაქმნას. ქვეყანაში იმპორტირებული სეთ-თოფ ბოქსების ფუნქციონალი ტექნიკური მოთხოვნების დოკუმენტაციაში აღწერილ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს.
თუ მომხმარებლის ტელევიზორი ვერ აკმაყოფილებს საქართველოში ციფრული ტელევიზორებისთვის განკუთვნილ ტექნიკურ მოთხოვნებს, მოუწევს DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერის მქონე ციფრული სიგნალის ინდივიდუალური მიმღები მოწყობილობის – სეთ-თოფ ბოქსის შეძენა. სასურველია, სეთ-თოფ ბოქსის ფუნქციონალი აკმაყოფილებდეს საქართველოში ინდივიდუალური მიმღები მოწყობილობისთვის შემუშავებულ ტექნიკური მოთხოვნების დოკუმენტს.
სასურველია მყიდველი დაინტერესდეს, რომ სეთ-თოფ ბოქსს შეეძლოს ელექტრონული პროგრამების გზამკვლევის ჩვენება და აგრეთვე, ქართული შრიფტის აღქმა, მაგალითად, საზოგადოებრივი მაუწყბელის I და II არხების გადაცემის შინაარსი უნდა იკითხებოდეს ქართულ ენაზე. სასურველია, მოქალაქემ შეამოწმოს, რომ მიმღებს მოჰყვება ქართულენოვანი სამომხმარებლო ინსტრუქცია. თუ გაქვთ სურვილი, რომ აღნიშნული სეთ-თოფ ბოქსის საშუალებით მიიღოთ მაღალი გარჩევადობის (HD) პროგრამები, უნდა შეამოწმოთ, აქვს თუ არა მიმღებს HDMI კაბელის შესაერთებელი ინტერფეისი (პორტი). დამატებით სხვა აქსესუარებთან ერთად ტელევიზორთან მისაერთებლად სეთ-თოფ ბოქსს დასჭირდება HDMI,RCA ან SCART კაბელი. სეთ-თოფ ბოქსის შეძენისას მნიშვნელოვანია მომხმარებელმა იკითხოს, თუ როგორ მიიღებს ის აპარატის მონტაჟის სერვისს. მყიდველმა აუცილებლად უნდა შეამოწმოს, მოჰყვება თუ არა სეთ-თოფ ბოქსს საგარანტიო პირობები.
სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებამ მსოფლიოს აჩვენა, რომ არსებობდა სიხშირული რესურსის გამოყენების უფრო ეფექტიანი შესაძლებლობები, სწორედ ამიტომ, დღეს მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების უმრავლესობა ანალოგურის ნაცვლად ციფრული მაუწყებლობით სარგებლობს. ჟენევის 2006 წლის ხელშეკრულების (GE-06) ფარგლებში ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლა საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU) წევრი ქვეყნების, მათ შორის – საქართველოს, საერთაშორისო ვალდებულებას წარმოადგენდა. მოცემული ხელშეკრულების ხელმოწერით, (რომელიც არეგულირებს ციფრული და ანალოგური მაუწყებლობისათვის განკუთვნილი რადიოსიხშირული რესურსის გამოყენების ნორმებს, ვადებს და კოორდინაციასთან დაკავშირებულ საკითხებს), საქართველოს მთავრობამ განსაზღვრა ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულება, რომლის მიხედვითაც ვითარდებოდა პროცესი, ქვეყნის ანალოგური მაუწყებლობიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადაყვანის.
ორივე ტიპის სადგურები ეთერში ასხივებენ ერთი და იგივე DVB-T2 სტანდარტის სიგნალს, განსხვავება იმაშია, თუ რა საშუალებით ეწოდებათ თვით ამ სადგურებს სიგნალი. საბაზისო გადამცემ სადგურებს სიგნალი მიეწოდებათ მიკროტალღური კავშირის სისტემის საშუალებით (რადიო-სარელეო ხაზებით), ხოლო საეთერო სარეტრანსლაციო სადგურები ეთერიდან იღებენ საბაზისო სადგურების მიერ გასხივებულ სიგნალს.
ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ საეთერო სარეტრანსლაციო სადგურები დამოკიდებულები არიან საბაზისო სადგურების მუშაობაზე.